„მემლექეთზე ფიქრებით“ 12.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ენეს ილმაზი

„მემლექეთზე ფიქრებით“ 12.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 12.2017

(ფოტო აღებულია ენეს ილმაზის facebook-ის გვერდიდან)

„მემლექეთზე ფიქრებით“ 12.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ენეს ილმაზი 

მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ქართველი წარმოშობის ახალგაზრდაზე, რომელიც შთამომავალია თურქეთში მცხოვრები „მუჰაჯირი“ ქართველებისა და რომელმაც ქართული ენა შეისწავლა და ამისთვის არც შრომა დაიშურა და არც სურვილი. ეს გახლავთ ენეს ილმაზი, რომელიც დღევანდელ გადაცემაში ამასიელ ქართველებზეც გვიამბობს.

ენეს ილმაზი 1995 წლის 18 ივლისს ქალაქ იზმირში დაიბადა. დაწყებითი განათლება ჩამდიბიში, რეშათ ნური გუნთექინის სახელობის სკოლაში მიიღო, სწავლა ანატოლიის იმამ ჰათიფის სასწავლებელში გააგრძელა. შემდგომ კი დუზჯეს უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დაამთავრა. ახლა სურვილი აქვს მაგისტრატურაც ისევ ამ სპეციალობით განაგრძოს. მას სურს, რომ ამ საქმის პროფესიონალი გახდეს.

როგორც თავად აღნიშნავს, ქართული ენა ოჯახში ბავშვობიდანვე ესმოდა, მაგრამ ვერ საუბრობდა, მხოლოდ ისეთი სიტყვები იცოდა, როგორიცაა - წყალი, პური, დაჯექი, რავა ხარ, კარგი და ა.შ.

ენეს ილმაზის წინაპრები საქართველოდან გადმოსული ქართველები არიან, რომლებიც შემდგომში  ქალაქ ამასიის სოფელ აქიაზში დასახლებულან. ეს ის სოფელია, რომელიც ამ რეგიონში ქართველებით ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული. ის ოჯახთან ერთად მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა სოფელს, იქ პაპისეული სახლი ჰქონდათ. როგორც თავად გვიამბო, სოფელში მთავარი გასართობი ქართული ქორწილები და საზაფხულო კონცერტები იყო, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა. ის პაპისეული სახლი კი, რომელიც უკვე დანგრევის პირას იყო მისული, აღდგენას ითხოვდა. ამიტომაც ენესმა მამასთან ერთად წინაპრების ნასახლარზე ახალი სახლის აშენება გადაწყვიტა და ამით კიდევ უფრო გამყარდა ახალგაზრდა ენესის წინაპრებთან კავშირი. სოფელში მცხოვრებთა ქართულმა დიალექტმაც მისი ყურადღება მიიქცია, ამიტომაც ნელ-ნელა მშობლიური ენის შესწავლაც დაიწყო. თუმცა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას დრო დასჭირდა, რაც იმით დაგვირგვინდა რომ პროფესიად გაიხადა საკუთარი ენის კვლევა.

უნივერსიტეტში სანამ ჩააბარებდა, მანამდე მოიძია ინფორმაციები ყველა იმ უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება იყო. აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის მხოლოდ ყარსის, არდაჰანისა და დუზჯეს უნივერსიტეტებში იყო ქართული ენის დეპარტამენტი. ენეს ილმაზმა დუზჯეს უნივერსიტეტი აირჩია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ გადაცემებში ჩვენ ყარსისა და არდაჰანის უნივერსიტეტებში არსებულ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ქართველ ლექტორებთანაც ჩავწერთ ინტერვიუებს და მოვისმენთ ამ დეპარტამენტების დაარსებისა და განვითარების ისტორიებს. ენეს ილმაზი ერთ-ერთი პირველი იმათგანი გახლავთ, ვინც დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კურსდამთავრებული გახდა. მისი მიზანი ქართული ენის გავრცელება და მომავალში თავისი სტუდენტებისათვის იმ ცოდნის გაზიარებაა, რაც თავად შეიძინა სწავლის პერიოდში. ის ფიქრობს, რომ ეს საქმე თავისი სოფლიდან უნდა დაიწყოს. მის სოფელში თითქმის ყველა საუბრობს ქართულად, მაგრამ ქართულად წერა-კითხვა არავინ იცის. მას სურს ახალგაზრდებს წერა-კითხვა შეასწავლოს. ამიტომაც სოფელში ქართული ენის შემსწავლელი კურსის გახსნასაც გეგმავს.

ენეს ილმაზის საკურსო თემა ამასიელი ქართველების მეტყველებას ეხება. არსებობს ნამუშევრები და კვლევები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში ქართული მოსახლეობის მეტყველების ნიმუშების შესახებ, მაგალითად ართვინის, ინეგოლის და ა.შ. რაც უფრო მეტი კვლევა იქნება ჩატარებული თურქეთში მცხოვრები ქართველების სამეტყველო ენის შესახებ ეს მით უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ ქართველებს  აღვადგინოთ კავშირი ჩვენს ძმებთან, რომლებიც ისტორიული მიზეზების გამო ჩვენგან შორს ცხოვრობენ. ენეს ილმაზის კვლევაც სწორედ ამის ერთ-ერთი მცდელობაა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მას და მისი თემის ხელმძღვანელს დოცენტ მაკა სალიას. იმის გამო, რომ ამასიის ქართველების შესახებ წერილობითი წყარო ძალიან ცოტა არსებობს, ამიტომაც ენესმა სოფელ-სოფელ იმოგზაურა და მაცხოვრებლებისგან ქართული მეტყველებისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩაიწერა.  მისი თქმით, ამასიელ ქართველთა მეტყველებაში ბევრი ლექსიკური ფორმა ემთხვევა სალიტერატურო ქართულს. ზოგი მათგანი კი მხოლოდ ქართულში გვაქვს, ზოგი კი მხოლოდ ამასიის ქართველთა მეტყველებაშია შემორჩენილი,  აღნიშნავს ის. შეიძლება ითქვას ენესის ეს კვლევა, სრულყოფილი „სამეცნიერო“ კვლევა არ არის (ამ სიტყვის საკმაოდ ღრმა მნიშვნელობით), მაგრამ ის ერთ-ერთი კარგი წყარო და საფუძველია ენესისათვის შემდგომში ამ საკითხზე უფრო ღრმა და მეცნიერული მუშაობისათვის. 


საკვანძო სიტყვები: მემლექეთზე ფიქრებით

მსგავსი ინფორმაციები