თურქული პრესა 23.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 23.02.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი გუშინ, საპრეზიდენტო სასახლეში  გამართულ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ კულტურა და ხელოვნება ისევე საჭიროა ქვეყნისათვის, როგორც დავუშვათ ეკონომიკა და განვითარება, ამიტომაც დღე და ღამე დაუღალავად მუშაობენ, რათა, თურქეთის 2023 წლის, ე.ი. რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისათვის დაგეგმილი მიზნები და ამოცანები ამ სფეროებში პირნათლად შეასრულონ.  

Hürriyet-ის მიხედვით ვიცე პრემიერმა და მთავრობის პრეს სპიკერმა ბექირ ბოზდაღმა, თურქული საინფორმაციო სააგენტო “Anadolu Ajansı“-სათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დღის აქტუალური საკითხები შეაფასა და “ზეთისხილის რტოს“ ოპერაციაზე საუბრისას თქვა, რომ ესადის რეჟიმსა და ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK/PYD/YPG-ს შორის აფრინის რეგიონთან დაკავშირებით ბინძური გარიგებები მიმდინარეობდა, მაგრამ, მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ეს გარიგებები ჩაიშალა. “ყოველ შემთხვევაში ჩვენი ჯარები ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გააგრძელებენ ბრძოლას აფრინში და თუ ესადის რეჟიმი ქურთი ტერორისტების გვერდით დადგება, მაშინ, ისინიც თურქი ჯარების სამიზნე გახდებიან“, ხაზგასმით განაცხადა ბოზდაღმა, წერს ჰურრიეთი

“თურქული ძრავით პირველი ფრენა განხორციელდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქული საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპანია TUSAŞ/TAI-ის მიერ წარმოებული სამამულე ძრავით, პირველი ფრენა განახორციელა თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სახელწოდებით  ANKA-მ და ეს ფრენა წარმატებით დასრულდა რა, უახლოეს ხანებში მისი სერიული წარმოება დაიწყება

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთი, რომელიც მსოფლიო თხილის წარმოების უმრავლესობას ფლობს, ევროპის ბაზრების დაპყრობის შემდეგ ახლა ჩინეთის ბაზარზეც მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, რის მაგალითია თხილის მწარმოებელთა მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. მისი მიხედვით 2007 წელს ჩინეთში გატანილ იქნა 713 ათასი კგ თხილი, როცა გასულ წელს ამ ციფრმა 7 მილიონ კგ-ს გადააჭარბა, ე.ი. ათმაგად გაიზარდა ჩინეთში თურქული თხილის ექსპორტი და მისგან 216 მილიონი დოლარის მოგება მიიღეს  

 Vatan-ი ინგლისის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია ABTA-ს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს ბრიტანელმა ტურისტებმა ყურადღება კვლავ თურქეთზე გადაიტანეს და 100 ათასობით ადგილი უკვე დაჯავშნეს ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტებზე. ამავე ასოციაციის განცხადებით, მიმდინარე წელს სავარაუდოდ 2,5 მილიონი ინგლისელი ტურისტი დაისვენებს თურქეთში და ამით ეს ციფრი 2015 წლის დონეზე აიწევს



მსგავსი ინფორმაციები