თურქული პრესა 14.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 14.03.2017

 

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ სირიის ქალაქ მენბიჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ 19 მარტს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე. “როგორც კი პკკ-ას სირიული განშტოება  YPG-ე არაბულ ქალაქ მენბიჩს დასტოვებს, აქ თურქ ჯარისკაცებთან ერთად  ამერიკელრბიც შევლენ და ერთობლივად დავიცავთ ქალაქის უსაფრთხოებას,   რის შესახებაც უკვე მორიგებული ვართ ამერიკასთან“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰაბერთურქი

Sabah-ი იტყობინება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მკაცრად დაგმო პალესტინის პრემიერმინისტრ რამი ელ ჰამდალლაჰის ბადრაგზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა. ამ ინფორმაციით თავდასხმა ღაზის სექტორში განხორციელდა და მართალია პრემიერი უვნებლად გადარჩა, მაგრამ, მისი დაცვის რამდენიმე წევრი დაიჭრა და ანკარამ მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვათ. “ეს არის პროვოკაციული თავდასხმა,  ჩვენ ველით, რომ ინციდენტის ფაქტები მალე გამოვლინდება და დამნაშავენი მკაცრად დაისჯებიან", აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ვკითხულობთ საბაჰში

Hürriyet-ის ეკონომიკურ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, "სასიხარულო ინფორმაცია OECD-სგან”, რომელშიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  შუალედური პერიოდის ბოლო ანგარიშია გამოქვეყნებული და მისი მიხედვით, წინა ანგარიშთან შედარებით, თურქეთის 2017 წლის ზრდის პროგნოზი 6.1%-დან 6.9%-მდეა გაზრდილი, 2018 წლის პროგნოზი 4,9%-დან 5.3%-მდე, ხოლო 2019 წლისა კი  4.7%-დან 5.1%-მდე

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველის აზრით წელს თურქეთში ჩამოსული ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და ამ ვარაუდს აფუძნებს ჰოლანდიური მედიის, ჰოლანდიის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია ANVR-ის და სხვადასხვა ტურისტული სააგენტოების განცხადებებს, რომელთა პროგნოზითაც გასულ წელთან შედარებით 90%-ით გაიზრდება თურქეთში ჩასულ ჰოლანდიელ ტურისტთა რაოდენობა, რასაც ადასტურებენ ასევე ჰოლანდიელების მხრიდან წინასწარ დაჯავშნული ადგილებიც.

“ეროვნული უპილოტო საზღვაო ტრანსპორტის წარმოების სამუშაოები დაიწყო“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში წერია, რომ  ქალაქ მერსინის ტექნო პარკში მოქმედმა საზღვაო კომპანია OES-მა დაიწყო სამუშაოები უპილოტო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებისათვის. ამავე სტატიით, ხსენებული სატრანსპორტო საშუალებების დიზაინიც და წარმოებაც მთლიანად ეროვნული იქნება და ისინი ექსპლოატაციაში 1 წლის შემდეგ გადაეცემიან



მსგავსი ინფორმაციები